იმედი მაქვს, როგორც კი ნიკა მელია გათავისუფლდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებზე თავდასხმები შეწყდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაერთვება დოკუმენტის რეალიზების პროცესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.
„შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის ხელმოწერის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი. ჩემი აზრით, ამ საკითხმა უკვე საბოლოოდ უნდა დახუროს ის ბევრი სპეკულაცია, რაც ჩვენ ზოგადად გვესმოდა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ შეთანხმების რეალიზებაზე. როგორც ვამბობდი თავიდანვე, ნიკა მელია გათავისუფლდება მოკლე ვადაში და ვფიქრობ, მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში და ვფიქრობ, ამით დაიხურება ის რაღაც აღვირახსნილი კინკლაობის პროცესი, რაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.