ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა მიუთითებს, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ, დაძაბულობამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
კუჭავას განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის.
„ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი მათ შორის მელიასთვის, რომელმაც, როდესაც გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს საქმიანობა. ნიკა მელია რა თქმა უნდა არ არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჯერ სასამართლოს გადაწყეტილება არ მიუღია, ჯერ ვერავისზე ვერ ვიტყვით, ვინმე არის თუ არ არის დამნაშავე. საუბარი არის გირაოზე და გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე და ამან გამიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად იმისა, რომ მათ სურთ საქართველოში დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია, დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.