ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, მტკიცე მხარდამჭერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იმავდროულად ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც ერთადერთი მექანიზმია კონფლიქტის გადასაჭრელად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პირველი მაღალი რანგის ვიზიტით ჩვენ ვქმნით ახალ ისტორიას ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ორმხრივ ურთიერთობებსა და პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც უნდა გადაიდგას.
„ეს მომენტი უნდა დავიჭიროთ და შევქმნათ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მყარი საფუძველი. პირველი ნაბიჯი კი ამ ურთიერთობების მიმართულებით არის სამართლებრივი ჩარჩოს რეგულაცია და ხელშეწყობა. ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურული ისტორია აქვთ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს – ეს არის ორ ქვეყანას შორის მიღებული დოკუმენტი, რომელიც ვიზის მიღების აუცილებლობისგან ათავისუფლებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს მოქალაქეებს. მეორე დოკუმენტი კი ეს არის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს. ეს ორი დოკუმენტი იქნება სამართლებრივი საფუძველი ტურიზმის მხრივ თანამშრომლობის, ეკონომიკის მხრივ თანამშრომლობის კუთხით. ჩვენი შეთანხმებები ახლა უკვე პროცესშია. ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს პარტნიორობის ჩამოყალიბებას ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა.