„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს.
როგორ მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ხვალიდან პარტიაში კონსულტაციები გაიმართება.
„ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, უპირველესად, უშუალოდ ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, უშუალოდ პარტიაში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებთან, ყველა იმ პირთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. თითოეული საკითხის დეტალურად გავლას ვაპირებ. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება, რამდენად დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია“, – განაცხადა მელიამ.