თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, კოვიდისგან დატოვებულ ურთულეს გართულებებზე ყვება. აღნიშნულ თემაზე ხიდაშელმა “მთავარ არხზე” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” ისაუბრა.
“ინფიცირების წყარო არ ვიცი. საავადმყოფოში კვლევის შედეგად გვითხრეს, რომ მე ვარ პირველი წყარო ამ ოჯახში. საბედნიეროდ, ჩემგან ვირუსი, როგორც ჩანს, სიყვარულით წავიდა და მათთან (ოჯახის წევრებთან) მიმართებაში ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა და ყველანი მარტივად გამოვიდნენ მდგომარეობიდან. მეოთხე დილას უკვე ადგომაც კი გამიჭირდა. ჩემმა უფროსმა შვილმა და დათომ ხელი მომკიდეს და ძალით
წამიყვანეს სამზარეულოში და დამსვეს სკამზე. ამის მერე საავადმყოფოში ვიყავი.
აგონიაში ვიყავი ამ მაღალი სიცხისგან. რა თქმა უნდა, ფილტვები იყო მთავარი პრობლემა, თუმცა ძალიან სწრაფად დაიწყო სხვა ორგანოების ჩათრევაც, რამაც დაამძიმა შემდეგ ბუნებრივად მდგომარეობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად მკურნალობა საჭირო გახდა ყველა ორგანოზე. მაგალითად, ღვიძლი
სერიოზული პრობლემის წინაშე იყო, თირკმელი ამ წუთას ძალიან სერიოზულ პრობლემას მიქმნის,
ეს რაღაც დაავადება დამემართა სახეზე და აი, ასეთ მდგომარეობაში მაქვს ახლა სახე, გასიებული კატასტროფულად. ერთია სახის გასიება, კარგი, არაუშავს, ჩაცხრება, მაგრამ დეფორმაცია გამოიწვია ასევე სახის და არ ვიცი როდესაც ეს ჩაცხრება, რა მდგომარეობაში დარჩება.
თმა არ ამომდის ოთხი თვეა, ეს ვიცი იმიტომ, რომ ოთხი თვის წინ შევიღებე თმა და არ მაქვს არც ერთი სანტიმეტრი და მილიმეტრი თეთრი თმა.
ყველაზე მთავარი, სახსრები, წარმოიდგინეთ, ოთხი თვე ცხოვრობთ კანკალით, სულ გაკანკალებთ, შინაგანი კანკალით და ასევე ფიზიკურადაც. ჩემით ვერ დავდივარ, იყო მომენტი, როდესაც ორი ადამიანი მჭირდებოდა რომ გამევლო, ახლა სიარულს ვახერხებ, ოღონდ სიარულამდე უნდა მივიდე, ანუ ვერ ვდგები ჩემით, მერე ვერ ვჯდები”, – ამბობს თინა ხიდაშელი.