ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, – ნათქვამია ნატოს სამიტის დეკლარაციაში.
„ვაშინგტონის ხელშეკრულების მე -10 მუხლის შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს მხარდაჭრას, რაც ისტორიული წარმატებაა. გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი საგრძნობი დემონსტრირებაა. გაფართოების თანმიმდევრულმა რაუნდებმა გააძლიერა ევროატლანტიკური უსაფრთხოება ევროპული კონტინენტის მასშტაბით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გავრცელებითა და კონსოლიდაციით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ნატოს ლიდერები აღნიშნავენ, რომ ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს, სურთ და შეუძლიათ იკისრონ წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, ხელი შეუწყონ ხელშეკრულების პრინციპების შესრულებას და რომელთა ჩართულობა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ზონის უსაფრთხოებას.
„გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები თავად ნატოს ეხება. არცერთ მესამე მხარეს არ შეუძლია ამ პროცესში ჩარევა. ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ქვეყნების ინტეგრაციას, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, თითოეულ ქვეყანაზე მათი დამსახურებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ. ჩვენ მოვუწოდებთ მათ განაგრძონ საჭირო რეფორმებისა და გადაწყვეტილებების მიღება წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მათი ძალისხმევის მხარდაჭერას და ველოდებით, რომ საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ მათი მისწრაფებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.