რომის პაპი ფრანცისკე წერდა, რომ ცხოვრების განმავლობაში სამჯერ იხილა ეშმაკი და „ჯოჯოხეთის კარიბჭე“, – ამის შესახებ მისი პირადი დღიურიდან ახლად გამოქვეყნებული ფრაგმენტებიდან ხდება ცნობილი.
სამშაბათს გამოცემულ წიგნში „პაპ ფრანცისკეს პირადი დღიური“ (რომელიც 1992-2024 წლების ჩანაწერებს მოიცავს), გარდაცვლილი პონტიფექსი იხსენებს, რომ ეშმაკი პირველად მანქანიდან დაინახა, მეორედ – მესის დროს, ბუენოს-აირესის მთავარეპისკოპოსობის პერიოდში, მესამედ კი ვატიკანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას.
„ვერ ვივიწყებ მის მძლავრ, ხრინწიან ხმასა და მუქარის შემცველ, ცეცხლოვან თვალებს“, – წერდა ფრანცისკე. მისივე თქმით, ეშმაკის გვერდით ყოფნას ის 2018 წელს ჩილეში ვიზიტის დროსაც გრძნობდა, სადაც სასულიერო პირების მიერ სექსუალური ძალადობის დაფარვის სკანდალის ფონზე იმყოფებოდა. დღიურში პაპი სინანულს გამოთქვამს, რომ თავდაპირველად ჩილეში მომხდარის სიმძიმე სათანადოდ ვერ შეაფასა.
გარდა ამისა, პონტიფექსი იხსენებს, რომ 2018 წლის ივნისში, ძილის წინ „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ იხილა, რამაც ძლიერ შეაშინა და „იარაღად კრიალოსანი აიღო“.
ფრანცისკეს დღიურები მისმა დიდი ხნის მეგობარმა, კარდინალმა ვიქტორ ფერნანდესმა დაარედაქტირა. ეს 1960-იანი წლების შემდეგ პაპის პირადი ჩანაწერების გასაჯაროების პირველი შემთხვევაა. პაპი ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აპრილში, 88 წლისა გარდაიცვალა.
