პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს, იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა გადადოს და პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს. მათი თქმით, თუ საკანინმდებლო ორგანო პროცესს არ შეაჩერებს, „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას დაარღვევს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევისთვის მმართველ გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სხდომის დატოვებას მასკარადი უწოდა.
„რაც შეეხება მათ დღევანდელ პერფორმანსს, ეს რა თქმა უნდა მასკარადია. როგორ შეიძლება, მორალი გვიკითხოს ადამიანმა, რომელმაც გირგვლიანის ინტერესები გაცვალა ბოკერიას ინტერესებში. ამ ადამიანისგან ჩვენ მორალზე საუბარს ვერ და არ მივიღებთ. როგორ შეიძლება, ლევან ბეჟაშვილი გვესაუბრებოდეს უსამართლო პროცესზე, როდესაც ძმები კუბლაშვილები, ერთი პარლამენტში პოლიტიკურად და მეორე სასამართლოში სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას. ამ ჯგუფებთან დაკავშირებული ადამიანები და ეს ხალხი საუბრობს უსამართლო პროცესზე, სადაც ვერც ერთი კონკრეტული შინაარსობრივი საკითხი ვერ გააჟღერეს, ვერ დაასახელეს ვერც ერთი საკითხი, ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, პარლამენტის სუვერენიტეტს და ამ პროცეს ვაგრძელებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.