სამედიცინო ჰოლდინგი პანდემიის პერიოდში ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჰოლდინგი აერთიანებს სახელმწიფოს ქვეშ არსებულ კლინიკებს და ამ მიმართულებით, ჩვენი გეგმა ნამდვილად ამბიციურია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვთვლით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო და ჰოლდინგში შემავალი კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ მაქსიმალურ სტანდარტს, რომლის დანერგვაც გვსურს. დღესდღეობით პანდემიის დიდი ნაწილი იმართება სახელმწიფო კლინიკებში, ესაა რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური, რუხის კლინიკა, ჩხობაძის კლინიკა. ასევე ვგეგმავთ, რომ იმ კლინიკებში, რომლებიც რეგიონული ჯანდაცვის ქვეშ არიან გაერთიანებული, მათი სტატუსის თვისობრივი და ფუნქციური ცვლილება განხორციელდება და მოერგება იმ რეგიონის საჭიროებებს, რომელშიც ეს კლინიკა მდებარეობს. ვინაიდან რეგიონების კლინიკებში ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა, ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომ მძიმე გამოსავალი მოჰყვეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.