მე და ჩემი შვილი სახლში მარტო ვიყავით, დამძახებელიც არავინ მყავდა. ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, – ამის შესახებ გარდაცვლილი ოპერატორის დედამ, თინათინ კახიძემ განაცხადა.
მან გაიხსენა, როგორ იპოვა საწოლში გარდაცვლილი შვილი.
„ძალიან კარგ ხასიათზე მოვიდა გადაღებებიდან, რომ ყველა ნახა, რაღაც კმაყოფილი იყო. მეთამაშებოდა, მაგიდას ვუვლიდით გარშემო. ვუთხარი, დედა შერყევა გაქვს, უნდა იწვე-თქო. მოკლედ დავაწვინე, ასე, 23:00-23:30 საათი იქნებოდა. დაწექი-თქო. მოკლედ, ჩემი ხელით დავაწვინე. როგორც დავაწვინე, 03:00 საათამდე მე ტელევიზორს ვუყურებდი, არ შევაწუხე, სძინავს-თქო“, – განაცხადა გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დედამ.
მისი თქმით, დილით ნახა, რომ ტუჩები გალურჯებული ჰქონდა და მისი შვილი, ლექსო ლაშქარავა უკვე გარდაცვლილი იყო.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.