კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სათაურით: პენსიონერი ჩეკისტები არ ცხრებიან
“გუშინ პალიტრა-TV-ზე გავრცელდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც კონსტანტინე გამსახურდიამ თითქოს ბერიასთან დაასმინა მიხეილ ჯავახიშვილი, რასაც ამ უკანასკნელის დახვრეტა მოყვა.
ამაზე მაშინვე გამახსენდა მოსკოვის ერთ-ერთ ტელევიზიაზე ამას წინათ გამოსული რეპორტაჟი, რომ თურმე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სოლჟენიცინის არალეგალურად დაბეჭდილ წიგნებს მოსკოვში 20 -25 მანეთად ყიდდნენ და ამ გზით გვარიანი კაპიტალი დაუგროვებიათ.
ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ ლუსტრაცია არ მოხდა ამ ქვეყანაში, რადგან ამის ინტერესი არ არსებობს. ეს ვიღაც მელიტონ ჭეიშვილი, რომელსაც “პალიტრას” რეპორტაჟში ბრძენკაცივით წვერი მოუშვია დაბიჟვინებულ სახეზე, კაცი, რომელიც სრულიად უცნობია საქართველოს ოპოზიციურად და ანტიკომუნისტურად განწყობილი საზოგადოებისთვის, (პრაქტიკულად ყველას ვიცნობ, 80-იანებიდან მოყოლებული, მაგრამ ასეთი ვინმე არ მაგონდება) ალბათ თავად არის რომელიღაც უშიშროების სეგმენტისგან მართული. და საკითხავია, ის “გალაკტიონის მეგობართაგანია,” როგორც წარმოგვიდგენენ, თუ ანდროპოვის ყონაღ-დოსტი.
ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ იგი ვითომდაც “სპეცარქივებში” შეუშვეს და სიცრუის ფეხებზე აჩაჩხული ზღაპრებით ცდილობს საზოგადოების მოღორებას. მაგალითად სრული უაზრობაა თეზისი, რომ კონსტანტინე გამსახურდია ბერიას “მეგობარი” და ახლობელი იყო – ბერიასთან იგი სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერაა შეხვედრილი, სხვა მწერლებთან ერთად.
იმ დროს, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს, კონსტანტინე გამსახურდია თავად გარიცხული იყო მწერალთა კავშირიდან, როგორც “წვრილბურჟუაზიული ნაციონალიზმის და შუასაუკუნეების კლერიკალური ობსკურანტიზმის მქადაგებელი”. თუ ბერიას მეგობარი იყო, ვერ შეუნარჩუნა წევრობა მაინც იმ ჩემი ცოდვით სავსე ჯალათთუხუცესმა? ეს კიდევ იმასაც ნიშნავდა, რომ მწერლის არც ერთ ნაწარმოებს არ დაბეჭდავდა არც ერთი რედაქცია. და ასეთი პერიოდები ახსოვს მის ოჯახს – უკიდურეს სიღარიბესთან ერთად, რომელშიც ზვიად და თამარ გამსახურდიები გაიზარდნენ.
მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მან და სხვა ქართველმა მწერლებმა ფრანგ მწერალ ანდრე ჟიდს მისცეს ინტერვიუ, სადაც აგინეს სტალინს. ჟიდმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრანგულ “ლე მონდში” დაბეჭდა ეს ინტერვიუები, რაც “ჩაშვების” ტოლფასი იყო.
მანამდე ის კონსტანტინე გამსახურდიასაც შეხვდა და თხოვა ინტერვიუ სტალიზე. რამდენადაც კონსტანტინე გამსახურდია ევროპელებს კარგად იცნობდა, მან უარი უთხრა ფრანგ მწერალს, რომელიც პარიზშიც კი დაპირდა “მთვარის მოტაცების” გამოქვეყნებას, თუკი დათანხმდებოდა ინტერვიუზე. ეს კი თითქმის ნობელის პრემიას უდრიდა, თუმცა თავად მწერალი ცოცხალი არ დარჩებოდა დიდი ალბათობით – ვისაც ორი ძმა დაუხვრიტეს 1937 წელს. ისევე როგორც რუსეთში რეპრესიებს გადარჩენილი ბულგაკოვი და პასტერნაკი, კონსტანტინე გამსახურდიაც ერიდებოდა სტალინის პიროვნულად შეხებას. მან ასევე ხარკის სახით დაწერა რომანი “ბელადის” პირველი ტომი, რაც ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალობის ჟესტად ჩაეთვალა.
რეპორტაჟში მიხეილ ჯავახიშვილის მაგივრად ივანე ჯავახიშვილის კადრებია. ეტყობა სიუჟეტის ავტორს ერთმანეთში აერია ივანე და მიხეილ ჯავახიშვილები.
აი ეს არის სიმართლე. და იმ აგენტებს და ავკაცებს, ასევე მათ პატრონებს რომლებიც დღემდე ამ სიცრუეებს ავრცელებენ და ტირაჟირებენ, ვერ მოუნელებიათ კონსტანტინე გამსახურდიას ფიზიკურად გადარჩენა და იგონებენ ათას უაზრობას, რაც მათი ბინძური სულებიდან პერიოდულად ამოჩუხჩუხდება ხოლმე და დატბორავს საზოგადოებრივ სივრცეს კანალიზაციის გამსკდარი მილიდან ამოსული ნივთიერებების დარად.
სხვათა შორის, ასეთი “ფაქტები” და “დოკუმენტები” მათ რომ ქონოდათ, როგორ ფიქრობთ, 90-იან წლებში, როდესაც ყველანაირად ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას და მისი მამის ხსოვნას, არ გამოაქვეყნებდნენ? ყველა ქვეყნის დამაქცევარი ხელში დაიჭერდა ასეთ საბუთებს და ლამის ყველა ქართულ ოჯახში მიიტანდა იმის სათქმელად, რომ აი, ვის უჭერთ მხარსო.”