ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეების განხეთქილებას.
„ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ალიანსი, აქ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ მიუხედავად იმისა, რომ მათმა პატრონებმა უბრძანეს, რომ შეიკრიბონ ახლა ვითომ ისევ ერთად. ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა. ერთმანეთთანაც კი შეუთავსებელი ადამიანები არიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ოპოზიციურ ალიანსში კვლავ განხეთქილებაა – ამჯერად საქმე გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა-არყოფნას ეხება. ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა.
