ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანება ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში დაფიქსირდა, სადაც მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა. შედეგად, ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც კი გზის ჩამოშლის საშიშროება გაჩნდა, ერთ სამოძრაო ზოლში მაშინვე შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება. პირველ რიგში, მოეწყობა 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რის შემდეგაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. შეივსება გზის აღნიშნული მონაკვეთი და მოძრაობა აღდგება. პროექტი ივლისის ბოლოს მთლიანად დასრულდება. შედეგად, გადაადგილება იქნება უსაფრთხო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დროულად იმოქმედა და ყველაფერი გააკეთა პრევენციული ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.
