“ასეთი ინფორმაციები თუნდაც ცრუ, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არსად გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანია რუსეთიდან 2 მილიარდი დოლარით დაფინანსდა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და რუსეთის ინტერესების თანხვედრის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.
„სააკაშვილის ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთს და სააკაშვილს აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები, რადგან ასეთი ინფორმაციები თუნდაც ცრუ, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არსად გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს ეჭვი და საჯაროდ, მტკიცებულებების დონეზე ვერ მოიტან, მაგრამ არაერთი ფაქტი არსებობს, რომ სააკაშვილის და რუსეთის ქმედებებს შორის ხშირად ყოფილა ინტერესების თანხვედრა. ამაზე მეტყველებს გაყიდული ენერგორესურსები, სტრატეგიული ობიექტები და ა.შ. ამიტომ მე არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილის და რუსეთის ტანდემი რაღაც საკითხებში არსებობდეს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის საკითხი საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის, ეს თვითონ უნდა რომ იყოს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.