მესი „ბარსელონას“ ემშვიდობება. ეს სიტყვები არამარტო კატალონიური კლუბის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელია. დღეს არგენტინელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების სხვადასხვა კითხვას უპასუხა და თავის გუნდს დაემშვიდობა.
მესიმ დარბაზში შესვლის შემდეგ, კონფერენციის დაწყებამდე ემოციები ვერ შეიკავა.
„ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც ამ ქალაქისთვის გავაკეთე და ყველაფერს დავუბრუნდები როცა საზღვარგარეთიდან ჩამოვალ, რადგან ეს ჩემი სახლია და ჩემს შვილებს დავპირდი, რომ დავბრუნდებოდით. ყველას, ვინც დაგვეხმარა დიდ მადლობას ვუხდი. ამ კლუბის ღირებულებებით გავიზარდე.“
მესის თქმით ის ჯერ არცერთი კლუბის შეთავაზებას არ დათანხმებულა.
„ამ ეტაპზე არავისთან არაფერზე შევთანხმებულვარ.“
ლეგენდარული ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბოლოს ის თავის კლუბში დაბრუნდება.
„რთული იყო წელიწადნახევარი გულშემატკივრების გარეშე ყოფნა. ნორმალურად დამშვიდობება მინდოდა. ჩემი მოსვლის დღიდან ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. იმედი მაქვს ერთ დღეს დავბუნდები, ამას მე ჩემს შვილებს შევპირდი. მინდა, რომ დავეხმარო ამ კლუბს იყოს საუკეთესო.“
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესის ყველა ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით გააცილა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 34 წლის ფეხბურთელი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე აქტიური „პარი სენ-ჟერმენია“ და მედიაშიც აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მესი პარიზულ კლუბს შეუერთდება.