“დღეს რასაც ვუყურებ, 2012 წლის აქციას მაგონებს, თავისი მობილიზების ხარისხით და, რაც მთავარია, სულისკვეთებით. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა თავისუფლების მოედანზე, სადაც “ქართული ოცნება” შემაჯამებელ აქციას მართავს, განაცხადა.
სუბარის თქმით, დღევანდელი აქცია მხარდამჭერების მობილიზებას ემსახურება და, მისივე თქმით, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ყველა ოლქში მოიპოვებს გამარჯვებას.
“უამრავი ადამიანი, რომელიც 2012 წელს იბრძოდა სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, ქვეყნის ღირსების აღსადგენად, დღეს აქ არის. ყველა ვართ ერთი იდეით, რომ უარი უნდა ვუთხრათ იმ ძალას, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ღირსება შეულახა ქვეყანას.
მთლიანობაში, ეს არის აქცია მობილიზებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქში გავიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად”, – განაცხადა სუბარმა.
“ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია დღეს 17:00 საათზე დაიწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ პარტიის მხარდამჭერები და მათ რეგიონებიდან წამოსული კოლონები უერთდებიან.