ჯანდაცვის სამინისტროსთან პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდა.
აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. ორ აქტივისტი სამინისტროს შენობაში შესვლას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი კი ასევე შენობაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდა. პოლიციამ აღნიშნული პირი გააფრთხილა, თუმცა დაუმორჩილებლობის გამო შემდეგ ტერიტორიიდან განარიდა. ამ მომენტისთვის უცნობია, პოლიციამ სულ რამდენი პირი დააკავა ან განარიდა.
ამასთან, დაპირისპირების დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრასა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ითხოვენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მე-18 დაწესებულებაში შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.