კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. თავდაპირველად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე. თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, გაირკვა, რომ პაატა გურასპაული კანდიდატურას მოხსნიდა და არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა.
ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა უკლებლივ გამოცხადდა და ცხადია, სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო.
პაატა გურასპაულმა გაწეული მუშაობის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა ევრობასკეტის მასპინძლობაზე.
„მთავრობის ხელშეწყობით, კალათბურთის ფედერაციის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. იყო დრო, არათუ მასპინძლობა, ამ შეჯიბრებაზე მოინაწილეობაც სანატრელი გვქონდა. ევრობასკეტზე ჩამოვალენ გულშემატკივრები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, რაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“.
მან ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. დელეგატებმა ფედერაციის მუშაობა დადებითად შეაფასეს. გამგეობის წევრმა მიხეილ გაბრიჩიძემ შეგვახსენა, რომ კალათბურთის ოჯახის გადაწყვეტილებით ერთადერთი კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება.
საუბარი ვიქტორმაც ევრობასკეტით დაიწყო და აღნიშნა, რომ პრიორიტეტი ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებაა.
„მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა. ეს კონკურენციას გაზრდის და შედეგებიც გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანა, რაც ნაკრების შედეგებზე პირდაპირ აისახება. კალათბურთი რომ განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ჩემ მხრიდან, ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო“.
გამგეობის წევრებად აირჩიეს:
ლაშა გამყრელიძე, პაატა ლობჟანიძე, მიხეილ გაბრიჩიძე, ზურაბ კოტრიკაძე, გიორგი მარხვაშვილი, ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურასპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ოთარ ფაიქრიძე.