ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, 557 მლნ ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ მან პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დარგების მიხედვით ასე ნაწილდება:
სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში გამოყოფილია 262 მლნ ლარი, საიდანაც:
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში გაცემული სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე მიიმართება 121 მლნ ლარი;
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს 18 მლნ ლარს;
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 45 მლნ ლარი;
მრავალწლოვანი კულტურების გაშენების თანადაფინანსებაზე მიიმართება 27 მლნ ლარი;
აგროდაზღვევის დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 12 მლნ ლარი;
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დაფინანსება შეადგენს 39 მლნ ლარს;
• ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მიიმართება 270 მლნ ლარი, მათ შორის:
სესხის სუბსიდირება და საგრანტო თანადაფინანსება – 118 მლნ ლარი;
საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 120 მლნ ლარი;
მცირე გრანტები და სხვა პროგრამები – 32 მლნ ლარი;
• ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობის კუთხით, გამოყოფილია 29 მლნ ლარი, რომელიც როგორც საგრანტო დაფინანსებისთვის, ასევე IT სპეციალისტების გადამზადებაში მიიმართება.