“ქართული ოცნება“ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოების შუალედური არჩევნები 9 ოლქში გაიმართება. პარტიის ცნობით, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” გლდანში ბორია ფირცხელიანი წარადგენს. ბორია ფირცხელიანი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, „ქართული ოცნების” აქტიური წევრი 2012 წლიდან.
„ქართული ოცნებიდან” ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ვასილ ჩიგოგიძეა. ვასილ ჩიგოგიძე არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში „ქართული ოცნების” კანდიდატი ნონა ტუნაძეა. ნონა ტუნაძე წლების განმავლობაში მუშაობდა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად, იყო დაბა ნასაკირალში ადგილობრივი საკრებულოს წევრი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას” მურად ზაქარიაძე წარმოადგენს. კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში „ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მერებაშვილია. ალექსანდრე მერებაშვილი 1978 წელს სოფელ მეტეხში დაიბადა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში, იყო კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის ადმინისტრაცულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი. „ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში კი ამირან ლაგვილავაა. გარდაბანში, კალინინოსა და ყარაჯალარის თემებს „ქართული ოცნებიდან” ფახრადინ შარიფოვი და ვუგარ მამედოვი წარადგენენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩევლებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს ამ დრომდე ინტენსიურად ხვდებიან.