მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული ოთხი ბრალდებულის პროცესი ამ წუთებში იწყება. მათ წარდგენილი ბრალი გასულ სასამართლო სხდომაზე უკვე აღიარეს და დეტალურად ისაუბრეს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში თავიანთ როლზე.
გამოძიება გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე, ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის უტყუარი, დამაჯერებელი, როგორც ვიდეომასალით, ისე – სხვა, წერილობითი მტკიცებულებებით და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეზე, ოთხივე ბრალდებულის მიმართ, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ოთხივე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დაწყებამდე მედიასთან.