წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩეოდით განსაკუთრებული აგრესიით და ხშირად სიძულვილით ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, აპირებთ თუ არა ამ რიტორიკის შეცვლას? – ამ კითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე. ტუღუში დაინტერესდა თუ როგორ წარმოუდგენია ირაკლი კობახიძეს ოპოზიციასთან ურთიერთობა.
”წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ იყავით ჩვენი პარტიის არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი, არამედ გამოირჩეოდით განსაკუთრებული აგრესიით და ხშირად სიძულვილით. როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციასთან ურთიერთობა. თვლით თუ არა, რომ ის რიტორიკა და ლექსიკა, რომელსაც თქვენ ხშირად იყენებდით ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, თქვენთვის, როგორც მომავალი პარლამენტის თავმჯდომარისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარია და აპირებთ თუ არა ამ რიტორიკის შეცვლას როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე, აპირებთ თუ არა როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე იყოთ პატივისცემის თანასწორად გამომხატველი პარლამენტის თითოეული წევრის მიმართ და ასევე, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ პარლამენტის თითოეული წევრისთვის თანასწორად იქნება ხელმისაწვდომი ყველა კანონით გათვალისწინებული საშუალება საკუთარი უფლებამოსილების ეფექტურად, განსაკუთრებით კი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განსახორციელებლად. ასევე, როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე რა იქნებოდა თქვენი გზავნილი ამომრჩევლისა და მოქალაქეებიის მიმართ ქვეყანაში სიძულვილისა და ძალადობის პოლიტიკის დასასრულებლად”, – მიმართა ტუღუშმა კობახიძეს.