„ნაცი“ თავის „ნაცობას“ ვერ მოიშლის, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევებით დასრულდა.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას „გული წყდება“, რომ სასამართლოზე გავლენა აღარ აქვს.
„რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, სიმპტომატურიცაა და სიმბოლურიც. მან ვერ გაიაზრა, რომ 2004-2012 წლები არ არის ახლა, როგორც ადრე ჯიბეში ჰყავდათ ჩასმული ყველა უწყება და აკონტროლებდნენ ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის მათ ჰქონდათ პირდაპირი მმართველობა სასამართლო სისტემაზე დამყარებული, ახლა მას გული წყდება, რომ სასამართლოზე არ აქვს გავლენა და თურმე როგორ უბედავს შენიშვნის მიცემას და როგორ არ აქვს შესაძლებლობა, რომ დავალებები მისცეს მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. დღეს რაც გააკეთა ნიკა გვარამიამ, ადასტურებს, 2004-2012 წლებში როგორი სისტემური და სისტემატური იყო სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოშლა და ახლაც რომ იგივე სურვილები, მიზნები და მისწრაფებები აქვთ. „ნაცი“ თავის „ნაცობას“ ვერ მოიშლის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
