პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მცირე ნაწილმა მიიტაცა ჩვენი ქვეყანა და ამ ადამიანების მომხვეჭელობას, სიხარბეს არ აქვს საზღვარი. ესენი არასოდეს გაჩერდებიან. ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ჩემს შვილს, რომლის დროსაც ბიუჯეტი გაიზარდა ათჯერ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.
„სამარცხვინოა, რაც ხდება. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, ვიცით, რა ხდება“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ რა ქონებას ფლობს და ვისგან გადაეცა ის.
„მაჩვენეთ დოკუმენტაცია, თქვენზე უკეთ არ ვიცი, რას ვფლობ და ჩემმა ახლობლებმა, ვინც მიცნობს? ერთი ბინაა, რომელიც ჩემი ბებიის და ბაბუისგან არის პეკინის ქუჩაზე. ბათუმშია დაყადაღებული ერთი ბინა, დანარჩენი, რაც მაქვს მშობლებისგან, ბებიისგან და ბაბუისგან მაქვს დატოვებული. ჩემით პრაქტიკულად არაფერი შემიძენია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.