ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, პარტიას საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საბაზისო დაფინანსებისა და არჩევნეზე მიღებული ხმების დაფინანსების კომპონენტების არჩევა შეუძლია, ხოლო დაფინანსების დანარჩენი კომპონენტი: – გენდერის დანამატი, ფრაქციის დანამატი და სხვა კომპონენტი, აღნიშნულ დაფინანსებას ემატება.
ცესკოს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ პარტია ”მრეწველების” მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოპოვებული დაფინანსებისა და საპარლამენტო ფრაქციისთვის განსაზღვრული თანხის ერთდროულად მიღებით, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი არ იღვევა.
როგორც მიქელაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ”მრეწველებისთვის” განსაზღვრული დაფინანსებით, არსებული პრაქტიკა არ დარღვეულა.
”პარტიების დაფინანსების ოდენობის გამოთვლა ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 30-ე მუხლში მითითებული ფორმულის თანახმად მოხდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი პრაქტიკა არსებობდა სხვა არჩევნების დროსაც და სწორედ ანალოგიური პრაქტიკა განხორციელდა ამ არჩევნების დროს – არანაირი განსხვავებული მეთოდი და ფორმულა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოუყენებია. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება ჩვენს საფინანისო სამსახურსაც შეუძლია – კონკრეტული ფორმულის მიხედვით, რა თანხები როგორ არის ჩასმული და გამოთვლილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ანა მიქელაძემ.