ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება ცხადყოფს, რომ ევროპული უსაფრთხოების სფეროში კრიზისის წინაშე ვდგავართ, – განაცხადა ნატოდს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„მოსკოვიდან ნიშნები მოდის, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანს ვერ ვხედავთ. ჯარის ან ტექნიკის გაყვანა არ ხდება. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ რუსეთი ინარჩუნებს ძალებს შეჭრისთვის, რომლებიც მზად არიან შეტევისთვის. ეს ევროპაში ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა ცივი ომის შემდეგ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირი დაუჯდება.
„ამავე დროს, ნატო კვლავ მზად არის დიალოგისთვის. ჯერ კიდევ გვიან არ არის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და მშვიდობის გზა აირჩიოს. ნატომ რუსეთს კონკრეტული წერილობითი წინადადებები გაუგზავნა გამჭვირვალობის, რისკის შემცირებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ეს ეხება თითოეული ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს შეიმუშავონ ვარიანტები ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნის განხილვა.