პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით და ჩვენი მთავარი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, ამისთვის კი ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება გვექნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული 10-წლიანი განვითარების გეგმა ძალაში რჩება.
„ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს მთავრობას ეკონომიკის მიმართულებით გააჩნია, არის გააზრებული, ეს არის გუნდური მუშაობის პროდუქტი და ამ შემთხვევაში ნათია თურნავას წვლილი ძალიან დიდია. შემუშავებული 10-წლიანი განვითარების გეგმა რჩება ძალაში და პრიორიტეტულია. ჩვენ სამინისტროში გვექნება ძალიან ბევრი ცვლილება, თუმცა, ეს ცვლილებები დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ დავაჩქაროთ ტემპები. სწრაფი განვითარება იქნება მთავარი პრიორიტეტი, რადგან ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში და ძირითადად აღდგენაზე და ეკონომიკური პრობლემის მოგვარებაზე იყო სამინისტრო მიმართული. ამ შემთხვევაში პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით და მთავარი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროში ოპერაციული დონე უნდა გაუმჯობესდეს, რათა მაქსიმალური მომსახურება გაუწიონ ინვესტორებს. დავითაშვილის განცხადეით, შიდა და გარე ინვესტიციების მოზიდვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს მსხვილ და საინვესტიციო მიმართულებებზე საერთაშორისო ინვესტორებთან მუშაობა დარჩება პრიორიტეტად.