სხვადასხვა მედიების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზოვის ზღვის დიდი ნაწილი ჩაკეტა და მის თავზე ფრენები აკრძალა. ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ, შემდეგ კი უკრაინულ, ბრიტანულ და ებრაულმედიებშიც გავრცელდა.
როგორც მედიები იუწყებიან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება NOTAM-ის სახით, რაც არის ოპერატიული ინფორმაცია ფრენების განხორციელების წესებში ცვლილებებისა და აერონავიგაციის ინფორმაციის შესახებ.
მედიების თქმით, აკრძალვა 21 თებერვლიდან 26 თებერვლამდე იმოქმედებს.
საინფორმაციო საშუალებებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ შეზღუდვა უკრაინაში, დონბასში არსებული დაძაბულობის გამო დაწესდა.
რუსეთს აზოვის ზღვის დიდი ნაწილი აქამდეც, 13-19 თებერვალს ჰქონდა ჩაკეტილი. 12 თებერვალს, შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო 30-ზე მეტმა რუსულმა ხომალდმა.
როგორც The Jerusalem Post-ი წერს, დამოუკიდებელმა პირებმა გაავრცელეს ცნობები 20 თებერვალს აზოვის ზღვაში რუსული საბრძოლო ხომალდების შესვლის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აზოვის ზღვის აკრძალული მონაკვეთი გამოცხადებულია “დროებით საშიშ არეად”.