ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის შეფასებით, უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს მოწოდება, რომ ქართველები ცხინვალსა და სოხუმში უნდა შევიდნენ, პროვოკაციული და პოპულისტურია. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, გონჩარენკო ზოგაგად, გამორჩეულია თავისი პრორუსული განცხადებებით.
„ვერ ჩავთვლი რომ ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებაა. ესაა სრული შეგნებით გაკეთებული განცხადება, თუ შეგნება გააჩნია ამ კაცს საერთოდ. მინდა შევახსენო საზოგადოებას ვინაა გონჩარენკო – ესაა იანუკოვიჩის გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც თავის დროზე ცდილობდა, რომ რუსული ენა ყოფილიყო უკრაინაში სახელმწიფო ენა. გამორჩეულია თავისი პრორუსული განცხადებებით და იმის მაგივრად, რომ როდესაც უკრაინაში მყოფი თითოეული მამაკაცი, ადამიანი ცდილობს თავის ქვეყანა დაიცვას, რატომღაც ეს ადამიანი იცლის საქართველოსთვის. რა თქმა უნდა ეს არის პროვოკაციული, პოპულისტური განცხადება, მაგრამ ყველაზე დასანანი არის ის, რომ ამას საქართველოში მოყვა გამოხმაურება. ე.წ. მედიასაშუალებებმა ის მოიწვიეს და ინტერვიუს კიც ჩამოართვეს. ვის ეკითხებიან აზრს, ადამიანს, რომელიც საქართველოს მტერია და მისი ერთადერთი მიზანია, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყოს და რუსეთი გამოიწვიოს. გონჩარენკოს კი არა მასზე უფრო დიდ ავაზაკებს არ გამოსვლიათ ეს საქართველოში და არც გამოუვათ“, – განაცხადა ექსპერტმა.
უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.
