„საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის – საქართველო, უკრაინას ჰუმანიტარულად ეხმარებიან. როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონის ოდენობით. თქვენი ჰუმანიტარული ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, წამლებისგან, რომლებიც ახლა ძალიან სჭირდება შეიარაღებულ ძალებს, ასევე – მშვიდობიან მოსახლეობას“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანდრეი კასიანოვმა ქართულ მხარეს მხარეს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ცოტა ხანში, ჩვენ ველით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების, საქმიანი წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან. მინდა, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ ჩვენი ქართველი მეგობრების სოლიდარობისა და მხარდაჭერის შესახებ. სადაზღვევო კომპანია „არდი“ უფასოდ აზღვევს უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომელიც ვერ ბრუნდება უკრაინაში. „საქართველოს ბანკმა“ გახსნა ცალკე ანგარიში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. მცირე დროში შეიქმნა ბრიგადები – ისინი შედგებიან სამედიცინო პერსონალისგან, რომლებიც გაემგზავრებიან უკრაინაში – დაჭრილი მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად. ეს არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთ რთულ დროს. მადლობას ვუხდით საქართველოს მხარესა და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, ჩვენ მას ვგრძნობთ, როგორც არასდროს“, – აღნიშნა საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა.
