პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება გაუგებარია.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამ საკითხზე კითხვები არსებობს.
„თავად უკრაინის ელჩმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განცხადება გააკეთა, რომ აქ არაფერი პოლიტიკური არ არის და უბრალოდ, კიევში ჩადის, ასეთი შინაარსის განცახდება იყო. ჩვენთვის არსებობს კითხვის ნიშნები უკრაინაში გაწვევაზე – უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც შეიჭრნენ რუსული ჯარები და იბომბებოდა უკრაინა. არანაირი ეჭვები არ მაქვს, მაქვს კითხვის ნიშნები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას რამენაირად მივატოვებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, სამხარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინა არის ომში მყოფი ქვეყანა და საქართველოს მხარდაჭერა, როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, გაგრძელდება.
„საქართველოს საელჩოები კიევსა და ოდესაში არის თითზე ჩამოსათვლელი საელჩოებიდან, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. ეს არის ჩვენი პასუხი, თუ რა კონტაქტი გვაქვს უკრაინასთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
