საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე პარტნიორებთან მუდმივად საუბრობენ.
როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, არ მოერიდებათ გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვექნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს.
„ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ეს იყო საუბრის თემა ბოლო ზარებისაც, მათ შორის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეისთან პრემიერ-მინისტრის ზარის, პრეზიდენტის გუშინდელი შეხვედრები ბრიუსელში, ჩემი საუბარი ბატონ ბორელთან. საუბრის მთავრი თემა უსაფრთხოების თემებთან ერთად, იყო ჩვენი ევროპული პერსპექტივა და გაწევრიანების საკითხი.
ძალიან კარგია პარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და არ მოგვერიდება გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ დაჩქარდეს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს პროცესი იყოს შეუქცევადი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.