სამწუხაროდ გვაქვს რთული მოცემულობა იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული – ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით. ანუ, კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე მიიღეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გვაქვს ძალიან სამწუხარო და უცნაური მოცემულობა: ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, არიან უკრაინის ხელისუფლებაში. ეს არის უნიკალური მოცემულობა მსოფლიოს ისტორიაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ჩვენ ვდგავართ მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით და სადაც საჭირო იყო პოლიტიკური თანადგომა, ყველგან მყარი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ. ვერავითარი ელჩის გაწვევა, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს ამ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს – ქართველებსა და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს ყველაზე ფასეულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.