აქციზის გადასახადი გაიზრდება იმპორტულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება, -განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, გადასახადი რეგიონში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება.
პრემიერის განცხადებითვე, აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც.
„ნავთობროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტებით განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას. ამ მხრივ საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჯერ განახევრდა, ახლა კი 60 პროცენტით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე. ელექტრო მანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება. ამასთან, საქართველოში წლიდან წლამდე შემცირების ნაცვლად იზრდება ავტომობილების რაოდენობა და შესაბისად ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტი”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.