მოწვევას, რომელიც შალვა პაპუაშვილის მიმართ მივიღეთ, მოწვევას ვერ დავარქმევდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკი აცხადებს, რომ ძალიან არამეგობრული განცხადებები იყო გაკეთებული უკრაინის ოფიციოზის, ცალკეული პირების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.
„წერილი იყო შედგენილი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას აყენებდა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს მოწვევა, რომელიც ნოტით არის გამოგზავნილი, მოწვევას არ ჰგავს, უფრო არის რაღაც ნიშნის მოგებით გაკეთებული, არათუ მოწვევა, არამედ დაბარება იმ ადგილას, სადაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ, რომ ვინმე უნდა ჩავიდეს; უკრაინის ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვს პოლიტიკოსთა დიდი რაოდენობა, რომელიც თუნდაც არ შეუერთდა იმ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უფლებამოსილებას აჩერებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში; ის ქვეყნები, რომლებიც არ შეუერთდნენ მოთხოვნას ჰააგის ტრიბუნალისადმი უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ქმედებების შესაფასებლად; მათ შორის, ელჩების გამოწვევა არც ერთი ქვეყნიდან არ მოხდა. ასეთი დამოკიდებულების პირობებში, ეს არ შეიძლება, მოწვევად ჩაითვალოს. ეს არის არადიპლომატიური, საკმაოდ უხეში ფორმა „დაპატიჟების“, რომელიც არ ეკადრება ორმხრივ ურთიერთობებს. მით უმეტეს, საქართველოს, რომელმაც საკმაოდ სერიოზული და მძლავრი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკურ ასპარეზზე და თავად ძლიერ დაზიანებულმა, საფრთხის ქვეშ მყოფმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რათა უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს, მძლავრი და შეუქცევადი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
