საქართველო სამწუხაროდ გულდასაწყვეტია რომ დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის მიმართ არის ცალსახა, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატულია უარყოფითი დამოკიდებულება ომის მიმართა და უკრაინის მხარდაჭერა.
„რაც შეეხება გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციებს, ეს კონკრეტული სიტუაციები ჩვენ უნდა განვიხილოთ ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჭრილშიც. საქართველო სამწუხაროდ, გულდასაწყვეტია, რომ დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ყველა ქვეყანას აქვს, მიუხედავად უდიდესი სოლიდარობისა, გარკვეული ეტიკეტი ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირები როგორ მოქმედებენ. რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, მათთვის სოლიდარობის გამოხატვას, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის. ეს პრობლემაც ჩვენ წინაშე არ დგას. მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი წერილობითი პოზიცია დააფიქსირა“, – განაცხდა ქადაგიშვილმა.
