“უკრაინის არმია რუსეთის დაჯგუფებებს კვლავ აქტიურად უტევს, კიდევ რამდენიმე ლოკაციაა გათავისუფლებული, თუმცა რუსეთი დაბომბვებს დაუნდობლად აგრძელებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინი ახალ მეორე ფაზაზე გადადის და შესაძლოა ინტენსიურმა ბრძოლებმა კიდევ ორ თვემდე გასტანოს. მათი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე უფრო მეტი სისასტიკე ჰქონდეთ ჩადენილი, ვიდრე ბუჩის ტრაგედიაა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ხდება ფრონტის ხაზზე – “უკრაინამ პუტინის რეჟიმი უნდა დაამარცხოს და მაშინ შეიძლება რუსი ხალხი აზრზე მოვიდეს”.
“დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსულმა რაკეტებმა ღამით გაანადგურეს ნავთობის საცავი და ცეცხლი წაუკიდეს ქარხანას, – ინფორმაციას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველები ხანძარს რვა საათზე მეტხანს ებრძოდნენ. ცეცხლი ლიკვიდირებულია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უახლეს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მძიმე ბრძოლები და რუსული ავიაციის დარტყმები საპორტო ქალაქ მარიუპოლზე გრძელდება, ქალაქში ჰუმანიტარული მდგომარეობა კი უარესდება. “ქალაქის 160 000 მოსახლიდან უმეტესობას არ აქვს შუქი, კომუნიკაცია, წამალი, გათბობა ან წყალი. რუსები ხელს უშლიან ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომას, რამაც შესაძლოა, ქალაქის დამცველებს დანებებისკენ უბიძგოს”, – აღნიშნულია განცხადებაში. ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტარას დუმენკომ განაცხადა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არსებობს დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოჩანაწერები, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ მათ. გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო დახვრეტილი ავტომობილები, რომლებშიც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვების, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა”, – აღნიშნა ტარას დუმენკომ. უკრაინულმა ჯარმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქში სამი სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, მტერმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგა კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკის და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე. ბრძოლები სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება. გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ იუჟნობურგის მიმართულებაზე რუსული ძალები ბრძოლისუნარიანობის აღდგენისთვის შესაბამის ზომებს იღებენ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს, დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე”, – განაგრძობს გამოცემა.
“ბიბისის” ცნობით, აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. დამატებით გამოყოფილი “ჯაველინები” აგვისტოს შემდეგ ვაშინგტონის მიერ კიევის დასახმარებლად გაგზავნილი აღჭურვილობის რიგით მეექვსე პარტია იქნება. ამის პარალელურად, აშშ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები რუსეთისთვის დამატებით სანქციებს აწესებენ, სულ უფრო მზარდია იმ ქვეყების რიცხვი, რომლებიც რუს დიპლომატებს აძევებენ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას აცხადებს, რომ დაწესებული საქნციები ომზე გავლენას ვერ ახდენს, პუტინი ომის მეორე ფაზას აპირებს, აქ უკვე მთავარია რომ მეორე ფაზაშიც უკრაინამ გაიმარჯვოს, ამ მომენტს კი რუსი ხალხის გამოფხიზლებაც შეუძლია”, – დასძენს გამოცემა.
“ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოს სესიაზე გამოსვლა უკრაინის დიპლომატიისთვის დიდი წარმატებაა, მაგრამ ძალიან დიდ ფასად უჯდება, დაღუპული ბავშვებისა და მშვიდობიანი მისახლეობის სახით. არა მგონია, რომ რუსეთი გაეროდან გაირიცხოს, რადგან მისი წესდება ასეთ რაღაცას არ ითვალისწინებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სახელმწიფოა და თვითონ აქვს ვეტოს უფლება. რაც შეეხება დაწესებულ და მოსალოდნელ სანქციებს, ვხედავთ, რომ აკრძალვები ახლა ომზე გავლენას ვერ ახდენს, ის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივაა. სანქციები მაშტაბური უნდა იყოს, მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საკმარისი არ აღმოჩნდა. ამერიკის, ევროკავშირისა და დიდი შვიდეული ქვეყნების საქნციებს რუსეთი უკვე მიეჩვია, აქ მთელი მსოფლიო უნდა გერთიანდეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“თვითონ ქვეყანაში პუტინის რეიტინგი კიდევ 14%-ით გაიზარდა, აქ უკვე ხალხზეა საუბარი, ეს საერთოდ შოკისმომგვრელია, მაგრამ როგორც ჩანს პუტინი ამ ომისათვის კარგად ემზადებოდა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. პროპაგანდა მისთვის სასარგებლოდ მუშაობს. რუსები როცა უკრაინის ტერიტორიებიდან გადიან სატყუარებს, დებენ. როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ქიმიური ელემენტები გამოიყენონ, რათა ტერიტორია მოწამლონ. სავსებით შესაძლებელია, რომ რუსების მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე ისეთივე ტრაგედიები ტრიალებდეს, როგორიც ბუჩაში ვნახეთ, ახლა რუსეთი ყველაფერზე წავა, კრემლს დასაკარგი არაფერი აქვს და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი სისასტიკეც ჩაიდინონ”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ახლა პოზიციური ბრძოლები მიდის. ნიკოლაევიდან უკრაინელები ცდილობენ, რომ კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რათა რუსეთს მეორე ფაზის წამოწყებაში ხელი შეუშალონ. სავარაუდოდ, ბრძოლები სულ მცირე კიდევ ორი თვე იქნება, ეს კი იმაზეა დამოკიდებული მეორე ფაზა როგორი იქნება. ბლიცკრიგის ჩავარდნის მერე, მეორე ფაზაში პუტინის სავარაუდი გეგმაა, რომ უკრაინის დონბასის, ცენტრალური და სამხრეთ ტერიტორია დაიკავოს და უკრაინა შავი ზღვის სანაპიროდან მოწყვიტოს. ეს ბრძოლები კი საკმაოდ სერიოზული იქნება და საკმაო დროც დასჭირდება. უკრაინალებმა დასავლეთის ქვეყნებიდან სამხედრო დახმარება კიდევ მიიღეს. რუსებსაც აქვთ მობილიზაცია, ამერიკული დაზვერვის მონაცემებით ორჯერ მეტი შეიარაღებული ძალები არიან კონცენტრირებული, ვიდრე ეს 24 თებერვლამდე იყო. ისიც არაა გამორიცხული,რომ რუსებმა ბელორუსიდან დარტყმა დასავლეთ უკრაინის მიმართულებით განახორციელოს, რადგან ის რუსული საბრძოლო შენაერთები, რომლებიც კიევიდან და ჩერნიგოვიდან მოხსნეს, სად გადაადგილდა კაცმა არ იცის”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსი ხალხისგან კი არა მგონია, რომ საპროტესტო მძლავრი ტალღა წამოვიდეს. რვა წლის განმავლობაში რუსეთში 2 ათასი მხატვრული ფილმი შეიქმნა, აქედან 80% მეორე მსოფლიო ომის განდიდებას, სტალინის კულტის კიდევ უფრო მაღლა აწევას მიუძღვნეს. ეს მათი აზრით გათვლილი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. მეორე ტრაგედია ისაა, რომ პროპაგანდის ზეგავლენა ბავშვებზეც ხორციელდება, პუტინმა შექმნა ახალგაზრდა არმიელების საზოგადოება “იუნარმია”, სადაც დაახლოებით 6 წლიდან ბავშვები სამხედრო ფორმაში სამხედრო თამაშებს გადიან. ასევე კომკავშირელების ანალოგიური ვარიანტი შექმნა, ბავშვობიდან მუშაობს ადამიანებზე, რამე გარღვევა მოკლე ვადაში არ იქნება. ერთი ვარიანტია, რომ უკრაინამ მეორე ფაზაშიც გაიმარჯვოს, პუტინის რეჟიმი დაამარცხოს და მაშინ შესაძლოა რუსი ხალხი აზრზე მოვიდეს და მერე პუტინის მიმართ მწარე კითხვები დასვას, მეტ გამოსავალს ვერ ვხედავ”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.