„ახლა ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ და ამას როგორ ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ბაკურიანში იკრიბებიან?“, – განაცხადა მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ „ქრონიკასთან“, ბაკურიანში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდეს.
„დღეს საზოგადოებაში არის სიმშვიდის, ფიქრის, სტაბილურობის, სიტუაციის გაანალიზების განწყობა. აღარ უნდა შევიდეთ იმავე მდინარეში, რომელშიც 30 წლის წინ შევედით. ეს უკვე გავიარეთ, ამის შემდეგ, სამაგალითო პროცესები მოხდა – 100 000 კაცი იკრიბებოდა ყოველდღე, პროტესტის ნიშნად, მაგრამ მივედით იქამდე, რომ ეს არ გავაკეთეთ. როგორ შეიძლება, ახლა ისევ 1990-იანი წლების დასაწყისში მივტრიალდეთ?! საზოგადოებაც ნერვიულობს, განიცდის ამ ყველაფერს. ახლა ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ და ამას როგორ ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ბაკურიანში იკრიბებიან? საზოგადოება მობილიზებული იქნება იმისთვის, და ჩვენ გავაკეთებთ ამის მობილიზაციას, რომ არავის ავარევინოთ ოფლით მოტანილი მშვიდობა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
