საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით.
მისი თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად, მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, კურსმა დაიწიოს.
”დღევანდელი დღის ლარის კურსის სწრაფი გაუფასურება პანიკური, სპონტანური რეაქციაა და ძირითადად ემოციური გარემოებებითაა გამოწვეული. რამდენადაც ვიცი მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ კურსი, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად ქვემოთ წამოვიდეს. ეს რამდენიმესაათიანი დროებითი, სპონტანური რეაქციაა და მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავიანთი რეზერვების სწრაფად გადახურდავებას ნუ მოახდენენ. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და რეზულტატებსაც ჩვენ მალე ვნახავთ”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.