უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინული დელეგაციის წევრი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მან სააგენტო „ინტერფაქს უკრიანასთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა.
ამგვარად პოდოლიაკი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ კიევსა და მოკსოვს შორის მოლაპარაკებებზე განსახილველ საკითხებს შორის არის „დენაციფიკაცია, ახალი გეოპოლიტიკური რეალიების აღიარება, სანქციების გაუქმება, რუსული ენის სტატუსი და სხვა“.
„პირველ ყოვლისა, გარკვეულწილად გაოცებას იწვევს მინისტრი ლავროვის მიდრეკილება, გააკეთოს კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რაშიც არ მონაწილეობ და შიგნიდან ვერ ხედავ. მეორე – დენაციფიკაცია და რუსული ენის სტატუსი რუსულმა არმიამ უკვე განიხილა უკრაინელებთან ბუჩაში, ჰოსტომელში, ხარკოვში, ვლონოვახაში და რა თქმა უნდა, მარიუპოლში. ყველა შესაბამისი დასკვნა სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში უდანაშაულო უკრაინელი მოქალაქეების სისხლით. მესამე – მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში საერთოდ არ განიხილება რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების პრობლემატიკა, რადგან ამ დრომდე არ არის აღმოფხვრილი მსოფლიო საზოგადების მხრიდან მათი დაწესების მიზეზი, კერძოდ კი, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
ამასთან, პოდოლიაკის თქმით, უკრაინას თეორიულადაც არ შეუძლია რუსებთან სანქციების გაუქმების განხილვა, რადგან ეს საერთაშორისო პარტნიორებზეა დამოკიდებული.
