იმ ქვეყნებმა, რომლებმაც 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მისცეს ხმა მაპის მიღებაზე, გზა გაუხსნეს პუტინს, – ამის შესახებ ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაირა ვიკე ფრაიბერგამ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
„მათ უთხრეს პუტინს, რომ არ უნდოდათ მაპის მიცემა, რადგან ისე გამოვიდოდა, რომ თითქოს მზად იყვნენ ამ ქვეყნების დაცვისთვის, მაგრამ სინამდვილეში ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ. მაგრამ თუ ჩვენ დასავლეთში, არ გვინდა რომ დავიცვათ ეს ქვეყნები, მაშინ, ბატონო პუტინ, თქვენ გაქვთ თავისუფლება ამ ქვეყნებში იმოქმედოთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ამის შემდეგ პუტინი შევარდა საქართველოში და ქვეყნის ტერიტორიის 20% დაიკავა. რამდენიმე წლის შემდეგ კი შევარდა უკრაინაში, დაიკავა ყირიმი და განალაგა ჯარი დონბასში. ახლა კი ის ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს, რადგან დასავლეთმა თქვა, რომ მზად არ იყო უკრაინის დასაცავად. ნატომაც თქვა, რომ არ იყო მზად უკრაინის დასაცავად. მათ ძალინ ეშინიათ, რომ პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდნენ რუსეთთან“, – განაცხადა ვიკე ფრაიბერგმა.
მისი თქმით, ამიტომ ყველა ქვეყანა უკრაინას ცალ-ცალკე უგზავნის დახმარებას. მან ამისთვის მადლობა საქართველოსაც გადაუხადა.
„ბრიტანეთი, საფრანგეთი ლატვია, ესტონეთი ვუგზავნით უკრაინას იმას, რაც გვაქვს, რომ დავეხმაროთ. საქართველოც. მადლობა, რომ ამას აკეთებთ, რადგან თავადაც დიდი საშიშროების წინაშე ხართ“, – ამბობს ვიკე-ფრაიბერგა.