ევროკავშირს განზრახული აქვს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა გადასცეს მოლდოვას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის მასშტაბური სამხედრო ინტერვენციის ფონზე დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
„ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ მოლდოვის თავდაცვისუნარიანობა, რათა მან შეძლოს გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებს. მშვიდობის შენარჩუნების ევროკავშირის მექანიზმის ფარგლებში, გასულ წელს ჩვენ გამოვაცხადეთ 7 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება მოლდოვის არმიის სამედიცინო და სხვა შიდა საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით. წელს ჩვენ ვგეგმავთ არსებითად გავზარდოთ მოლდოვისთვის ჩვენი დახმარება, მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის დახმარების ჩათვლით“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 4 მაისს მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ღირებულების დახმარებაზეა საუბარი და რა სახის აღჭურვილობას მიიღებს მოლდოვა.
აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონში ტერაქტების სერია მოხდა, რომელიც, კიშინიოვის შეფასებით, შესაძლოა, ორგანიზებული და განხორციელებული ყოფილიყო იმ გარე ძალების მიერ, რომლებსაც მოლდოვის ომში ჩათრევა სურთ.
