ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ვაშინგტონში 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრაისს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა აშშ მოლდოვისა და საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს და ხედავს თუ არა ვაშინგტონი ამ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია, ამ ვალდებულების დემონსტრირებას სხვადასხვა გზით ახდენს და მხარდაჭერას გააგრძელებს.
ნედ პრაისის თანახმად, აშშ-ს რეგიონში, მათ შორის თბილისში, თავის პარტნიორებთან მუდმივი კავშირი აქვს საელჩოების და დეპარტამენტის მეშვეობით. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც აგრესიის განზრახვა, მაგრამ, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება აჩვენებს ვაშინგტონის პასუხს და იმას, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები მსგავს ქმედებას არ მოითმენენ.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისა და კიდევ 15 ქვეყნისთვის გამოყოფილი 713 მილიონი დოლარიდან საქართველო 35 მილიონს მიიღებს.