არავის აქვს უფლება, ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რაც შეეხება განცხადებებს, ჩემთვის მთავარი არის ერთი რამ და ეს დადასტურდა IRI-ის ბოლო კვლევით, რომელიც უკრაინაში ჩატარდა, რომ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და აშშ-ის შემდეგ, უკრაინელი ხალხი ყველაზე მეტად საქართველოს ემადლიერება გაწეული დახმარებისთვის. უკრაინელი ხალხი ამას ხედავს და ხედავს ყველა დონეზე. რა თქმა უნდა, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზეც, რადგან საპარლამენტო დელეგაცია, ოპოზიცია მმართველ პარტიასთან ერთად, ვიყავით უკრაინაში და ეს მხარდაჭერა საჯაროდ დავაფიქსირეთ. რაც შეგვეძლო, ჩვენი მხრიდან ყველანაირი სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. უკვე აღარაფერს ვამბობ იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ, რათა უკრაინას მდგომარეობა რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამ განცხადებით ლევან იოსელიანმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, როდესაც საუბარია მეორე ფრონტის გახსნის ღიად მოთხოვნაზე, იგივე პოდოლიაკის ბოლო ბრალდება გავიხსენოთ, რომ საქართველო არ იბრძვის ოკუპანტის წინააღმდეგ და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ეხმარება, შესაძლებელია თუ არა, უკრაინული მხარის მიერ ეს მხოლოდ უკრაინის საომარ სტრატეგიას უკავშირდებოდეს, როგორც ამას ოპოზიციის ნაწილი ამბობს.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ბრალდებებს რაც შეეხება, ეს ბრალდებები მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ქვეყნის მიმართ წაყენებული ბრალდება.
„გამოდის, რომ ამ ყველაფრის და იმ განწყობის შემდეგ, რაც უკრაინაშია, თითქოს საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო. ასე გამოდის ხომ, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ ფაქტობრივად, სანქციების არიდებაში უწყობ ხელს რუსეთს და გამოდის, რუსეთს ეხმარები. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია და მათ შორის, პერსონალურადაც. ჩემი პარტიის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იბრძოდა მათთან ერთად, სიცოცხლის რისკად იყო იქ და ყველაფერს აკეთებდა, რათა მათ დახმარებოდა. როდესაც ამ და უამრავი სხვა რამის პასუხად გეუბნებიან, რომ შენ რაღაც შავ სქემებში ხარ ჩართული, ამას რაღაც მტკიცებულება უნდა მოაყოლონ“, – განაცხადა იოსელიანმა.
მაკა ცინცაძის კითხვაზე, რა სცენარით შეიძლება, განვითარდეს მოვლენები საქართველოსთან მიმართებით მაშინ, როცა უკრაინაში სამწუხაროდ, ომის შეწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს, მეტიც, ნატო უახლოეს დღეებში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელოდება და რუსული ინტერვენციის გამო ალიანსი იმ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას აპირებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ომი არავის არ უნდა და არავის უნდა ომში ჩართვა, „მაგრამ კარგად უნდა მოვემზადოთ ომისთვის, რათა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველვყოთ“. ეს არის ის აქსიომა, რაზეც დღემდე იდგა კაცობრიობა და ჩვენ რაღაც ახალ რეალობას ვერ შევქმნით“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ლოგიკაში აბსოლუტურად არ ჯდება.
„საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულში მოხვდა, რომლებიც უკრაინას გვერდით უდგას. ელჩი ბელარუსში ჰყავთ, ქვეყანაში, საიდანაც უკრაინა დღესდღეობით იბომბება და საქართველოდან გაწვეული ჰყავთ. აი, ასეთი ალოგიკური რაღაცები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ვისურვებდი, ელჩი მალე დაბრუნდეს საქართველოში, რადგან საქართველო უბრალოდ, არ იმსახურებს იმას, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.