უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები 2012 წლამდე სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ, მათი მხრიდან დღევანდელი განცხადებები მიუღებელი და გაუგებარია.
აღნიშნულის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მაგალითად, ხმაური იყო ატეხილი „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმესთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ლაპარაკი იყო სიტყვის თავისუფლების სფეროში ჩარევაზე. თუმცა, საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. საბოლოოდ, როდესაც დაიწყება გამოკითხვა, თუ რა არ მოგწონთ დღეს სასამართლო რეფორმის ნაწილში, ისინი მიდიან კონკრეტულ გვარებამდე, რომ მათ არ მოსწონთ კონკრეტული ადამიანები. თუკი, 2012 წლამდე არც ერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი და სხვათა შორის, არც არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს აქტიურობენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია მათი განცხადებები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.