ფრონტის ხაზი უცვლელია, წინააღმდეგობის 95-ე დღეს, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება უკიდურესად დამძიმდა. სევეროდონეცკი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ ომში მყოფი ქვეყანა მასირებულ იერიშებს იგერიებს.
“ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე რჩება. ხარკოვის მიმართულებით, მტერი ოკუპირებული საზღვრის შენარჩუნებას ცდილობს, დონეცკის მიმართულებით შეტევას აგრძელებს – აქტიურად იყენებს სარაკეტო, საარტილერიო ძალებს და საშუალებებს. ოკუპანტი ცდილობს ფეხი მოიკიდოს ლიმანის დასახლების მიდამოში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის შვიდი თავდასხმა მოიგერიეს. მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში, განადგურდა ერთი ტანკი და ექვსი მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა გაანადგურეს ორლან-10 უპილოტო საფრენი აპარატი”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ოლექსანდრ სტუპუნიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 95-ე დღეს აცხადებს, რომ მსოფლიომ ოფიციალურად უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, რადგან ტერორი გახდა მისი მოქმედებების ფაქტობრივად ერთადერთი ფორმა უკრაინასთან მიმართებაში.
ამასთანავე, ბევრია დამოკიდებული პარტნიორებზე, რომ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად.
“ბრძოლის საკვანძო მიმართულებები ფრონტზე კვლავ არის სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, პოპასნაია და სხვა ქალაქებია, რომლებზეც კონცენტრირებულია რუსული შეტევა, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ხაზი შენარჩუნებულია. ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე. ეს, პირველ რიგში, იარაღით მომარაგებაა. რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული პარტნიორებზე, მათ მზაობაზე, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად. სუმის ოლქში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სხვა ოლქში, უკრაინელებმა უკვე ყველაფერი გაიგეს რუსეთზე და ახალი ტერორით ის ვერაფრის დამატებას ვერ შეძლებს, მითუმეტეს, ვერ შეძლებს დაშინებას. მიკოლაევის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 7 დაშავებულია, ორი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ რაიონს, ისინი საბავშვო ბაღიდან ოც მეტრში ჩამოვარდა. შევახსენებ მსოფლიოს, რომ ბოლოს და ბოლოს, უნდა აღიარონ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.