ახლაც ვერ ითმენენ, რომ არ დალანძღონ ერთმანეთი. ხელისუფლება ვერ ითმენს, რომ არ დალანძღოს ოპოზიცია და ოპოზიცია ვერ ითმენს, რომ არ დალანძღოს ხელისუფლება. არის გაწვე-გამოწევა და შეურაცხმყოფელი ფრაზები. შეგვიძლია ამ შეურაცხმყოფელი ფრაზების გარეშეც ვილაპარაკოთ და საერთოდ, ცოტა ხანი არ ვიჩხუბოთ მაინც, რომ ევროპელებს გავუადვილოთ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ასეთის სახელმწიფოებრივი მომენტი ხომ ძალიან იშვიათად გვქონია ჩვენს უახლეს ისტორიაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ წევრობის კანდიდატობა მივიღოთ, უმნიშვნელოვანესია. ცოტა ხანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ ერთმანეთის ჯიჯგნაზე, არავინ ამბობს რომ ხელი ჩავკიდოთ და ზილინა-ზილინა ვიცეკვოთ ყველამ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ. ივლისის ბოლოს რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, 2-3 კვირა ენაზე კლიტეები დავიდოთ კარგი იქინება, როგორც „ქართული ოცნების“ ასევე ოპოზიციის მხრიდან. ცოტა ხანი ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი შვილების მომავალს ვცეთ პატივი. რას ხედავენ ევროპელები, რომ ვიღაც ველური ხალხი ვართ, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ და თათხავენ. უმნიშვნელო რამეზეც კი ვერ ახერხებენ შეთანხმებას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.