საქართველო ბოლო წლებში მიღწეული პროგრესით, რეფორმებით, რომელიც ისევ და ისევ ევროპის საბჭოს მიერ შეფასებული გახლდათ, როგორც დადებითი ცვლილებები და არსებითი პროგრესი, ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება შეაფასა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს: უკრაინას და მოლდავეთს. მიგვაჩნია, რომ სამივე ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს იქნებოდა ჩვენი პასუხი ნებისმიერ განცხადებაზე. საქართველო ბოლო წლებში მიღწეული პროგრესით, რეფორმებით, რომელიც ისევ და ისევ ევროპის საბჭოს მიერ შეფასებული გახლდათ, როგორც დადებითი ცვლილებები და არსებითი პროგრესი, ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველო, უკრაინა, მოლდოვა – ერთად, თუ უკრაინა ორი პრეტენდენტი ქვეყნის გარეშე? საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „გლობალ იუროფ ენდ დიფენსის“ რედაქტორმა პუბლიკაცია გამოაქვეყნა. ალექსანდრა ბჟოზოვსკი წერს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების პოზიცია არაერთგვაროვანია და რამდენიმე მათგანი ალტერნატიული გადაწყვეტილებების მომხრეა, რასაც უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფაშინაც ადასტურებს. მისივე განმარტებით, სამივე ქვეყანას ომის შემდეგ განსხვავებული სიტუაცია აქვს.