რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებელ ურნალისტთა ჯგუფები Bellingcat-ი და The Insider-ი „არასასურველად“ გამოაცხადა, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს რუსეთში მათი საქმიანობის აკრძალვას. 2021 წლის ოქტომბრიდან Bellingcat-ი და The Insider-ი „უცხოეთის აგენტებად“ იყვნენ გამოცხადებული.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ საიტზე დღეს, 15 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებით, ამ ორგანიზაციების საქმიანობა „წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოებისთვის“. პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს გაუზავნა შესაბამისი ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაციები უნდა შეიტანოს „არასასურველთა” ჩამონათვალში.
Bellingcat-ს და The Insider-ს ჩატარებული აქვთ არაერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობის და კრემლისთვის არასასურველი სხვა პირების მოწამვლასთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კავშირების შესახებ. დღეს ორივე გამოცემა აქტიურად აშუქებს ომს უკრაინაში.
