უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დაითხოვა. ვენედიქტოვას ამ თანამდებობაზე, დროებით, მოადგილე ალექსეი სიმონენკო შეცვლის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვიც გაათავისუფლა. ცნობა ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგ კი გადაწყვეტილება თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ღამის ტრადიციული მიმართვისას ახსნა.
„დღეის მდგომარეობით, პროკურატურის, წინასწარი გამოძიებისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ღალატისა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის 651 საქმეა აღძრული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რიგი და უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები, სერიოზულ კითხვებს უქმნის შესაბამის ლიდერებს. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.